ანგელა მერკელი - „ისლამური სახელმწიფო" დამარცხებიდან შორს არის
ანგელა მერკელი - „ისლამური სახელმწიფო" დამარცხებიდან შორს არის

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებიდან შორის არის. მას შემდეგ, რაც სირიაში ოდესღაც კონტროლირებად ტერიტორია თითქმის მთლიანად დაკარგა, ის გადაიქცევა ასიმეტრიულ სამხედრო ძალად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მერკელის მიერ ბერლინში გერმანიის საგარეო სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინის გახსნაზე გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განადგურებულია.

ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას „ისლმაური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ ფორმალურ განცხადებას ელოდება.

„ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ საბედნიეროდ გაძევებულია მის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან, თუმცა ეს სამწუხაროდ არ ნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გაუჩინარდა. ის გადაიქცევა ასიმეტრიულ სამხედრო ძალად. და ეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

„სირიაში მშვიდობის დამყარებამდე დიდი გზაა დარჩენილი“ – აღნიშნა მერკელმა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიის საგარეო სადაზვერვო სააგენტოს პრიორიტეტებს შორის იქნება სირიაში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი, ასევე კიბერსაფრთხეებისა და დემოკრატიულ არჩევნებზე ზეგავლენისკენ მიმართული ყალბი ამბების გამოვლენა.