ანგელა მერკელი - გერმანია მზად არის, ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ მიიღოს
ანგელა მერკელი - გერმანია მზად არის, ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ მიიღოს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია მზად არის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ მიიღოს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„იმედი მაქვს, ნავალნი მალე გამოკეთდება და თუ გვთხოვენ, ჩვენ მას სამედიცინო დახმარებას გავუწევთ, მათ შორის, გერმანულ კლინიკებში. მაგრამ თხოვნა მათი მხრიდან უნდა წამოვიდეს“, – განაცხადა კანცლერმა.

მერკელმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზები დადგინდეს და გარემოებები ნათელი გახდეს.

პრესკონფერენციაზე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ნავალნის მკურნალობაში დახმარება ემანუელ მაკრონმაც შესთავაზა.

„ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ, როგორც სამედიცინო კუთხით, ისე პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის კუთხით“, – განაცხადა მაკრონმა.

ალექსეი ნავალნი ამჟამად ომსკის კლინიკაშია მოთავსებული. ის 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურად მძიმეა. ის კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ოპოზიციონერის პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ ალექსი ნავალნი მოწამლეს. ნავალნის მკურნალმა ექიმმა, ანასტასია ვასილევამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის წინადადებას, რომელიც ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირებაში დახმარების წინადადებით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ რუსი ოპოზიციონერის მკურნალ ექიმს ამ დრომდე არ მოუნახულებია პაციენტი. ამის საშუალებას მას ომსკის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არ აძლევს.