ანგელა მერკელი - „ბრექსიტი“ ევროკავშირის სირცხვილი და  დამცირებაა, რის გამოც ევროკავშირი დასუსტდა
ანგელა მერკელი - „ბრექსიტი“ ევროკავშირის სირცხვილი და დამცირებაა, რის გამოც ევროკავშირი დასუსტდა

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ „ბრექსიტი“ ევროკავშირის სირცხვილი და  დამცირებაა, რის გამოც ევროკავშირი დასუსტდა, – ამის შესახებ მერკელი თავის მემუარებში წერს.

მერკელი იხსენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებული იყო „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შედეგით.

„ჩემთვის შედეგი დამამცირებელი ჩანდა, სირცხვილი იყო ჩვენთვის, ევროკავშირის სხვა წევრებისთვის – გაერთიანებული სამეფო რთულ მდგომარეობაში გვტოვებდა. ამან შეცვალა ევროკავშირის სახე მსოფლიოს თვალში, ჩვენ დავსუსტდით“, – წერს მერკელი.

გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ცდილობდა, დახმარებოდა ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, დევიდ კემერონს.

„ჩემმა მხარდაჭერამ მის მიმართ მე აუტსაიდერად მაქცია ჩემს სხვა კოლეგებს შორის… ევროკრიზისის გავლენა კვლავ იგრძნობოდა, თანაც მე არაერთხელ დამადანაშაულეს სიძუნწეში“, – წერს მერკელი.

ყოფილი კანცლერის თქმით, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლამ „სახელმძღვანელო სტილში“ აჩვენა შედეგები, რომლებიც შეიძლება, დადგეს, როდესაც შეცდომები თავიდანვეა დაშვებული.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 2016 წელს გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა უმრავლესობამ, 52 პროცენტმა დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო. ქვეყანამ ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წელს დატოვა.