ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად „გრძელი გზა“ აქვთ გასავლელი
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად „გრძელი გზა“ აქვთ გასავლელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიის ერთ-ერთი მიზანია, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ამ ექვს ქვეყანას ბლოკის წევრობამდე „გრძელი გზა“ აქვს გასავლელი. ამის შესახებ ანგელა მერკელმა ბელგრადში ვიზიტისას, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ეს გერმანიის კანცლერის რანგში ანგელა მერკელის ბოლო ვიზიტია რეგიონში. სერბეთში მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ევროინტეგრაციის პროცესზე.
სერბეთის შემდეგ, ანგელა მერკელი ალბანეთში გაემართება, სადაც ის ბალკანეთის ექვსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.

კანცლერის თანამდებობაზე ოთხი ვადით ყოფნის შემდეგ, ანგელა მერკელი თანამდებობას 26 სექტემებერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს. მისი უკანასკნელი ბალკანური ტურნე წინ უძღვის ოქტომბერში დაგეგმილ ევროკავშირი-ბალკანეთის სამიტს.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო ევროინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ოფიციალურად არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო კი პოტენციურ კანდიდატებად მიიჩნევიან.

დატოვე კომენტარი