ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბოლო დროის ტერორისტული თავდასხმების გათვალისწინებით, ევროპისთვის აუცილებელია შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბოლო დროის ტერორისტული თავდასხმების გათვალისწინებით, ევროპისთვის აუცილებელია შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების გათვალისწინებით, ევროპისთვის აუცილებელია შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ვირტუალური კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ის, რაზეც ვსაუბრობდით. მსურს, აღვნიშნო შენგენის ზონაში შესვლის და გასვლის სისტემა, რომელიც 2022 წლისთვის უნდა იყოს მზად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე, გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ETIAS-ის სისტემა, რომელიც 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მერკელმა.

ETIAS ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემაა, რომელიც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა გავრცელდეს. აღნიშნული სისტემა ელექტრონული აპლიკაციის შევსებით შენგენის ზონაში შესვლის ნებართვის მიღებას ითვალისწინებს.