ანდრიუს კუბილიუსი - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა მიიღონ დამატებითი მექანიზმები ევროკავშირიდან
ანდრიუს კუბილიუსი - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა მიიღონ დამატებითი მექანიზმები ევროკავშირიდან

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა მიიღონ გარკვეული დამატებითი მექანიზმები ევროკავშირიდან, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე​მ, ანდრიუს კუბილიუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ევროპარლამენტში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი არის ევროკავშირში მომზადებული ინიციატივის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ.

„როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმატებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის გამოცდილება. ეს აჩვენებს, თუ რა იყო ჩვენი ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი. 90-იან წლებში ევროკავშირის გაფართოების, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დაპირება იყო გადამწყვეტი ჩვენთვის, რომ შეგვენარჩუნებინა რეფორმების გზა, რომლებიც ზოგჯერ იყო ძალიან მტკივნეული. სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. მიმაჩნია, რომ დაარსებიდან 10 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკამ ბევრს მიაღწია, განსაკუთრებით სამ მოწინავე ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ განვითარდეს საქმეები, რადგან საჭიროა ბევრად მეტი მიღწევა, მით უმეტეს, თუკი ამ ქვეყნების მიზნებსა და ამოცანებს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა თავის მხრივ იმისთვის, რომ დაეხმაროს ამ ქვეყნებს, რომ შეინარჩუნონ მოტივაცია რეფორმების განსახორციელებლად.

„ჩვენ მიერ წარდგენილი შეთავაზების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ძალიან მარტივია – ეს არის პრინციპი „მეტი მეტისთვის“.  ეს პრინციპი უნდა იყოს უფრო მეტად რეალისტური და პრაქტიკული. ჩვენ ამ პრინციპზე ევროკავშირში ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა ახლა დროა, ის უფრო მეტად პრაქტიკული გახდეს და უნდა იყოს რამე სახით წარმოდგენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის არქიტექტურაში. ჩვენი შეთავაზება არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის დამატება და მისი სახელწოდებაა „ტრიოს სტრატეგია 2030“. „ტრიომ“ უნდა მიიღოს გარკვეული დამატებითი მექანიზმები ევროკავშირიდან. აშკარაა, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ისე მოქცევა, როგორც აქამდე.

მეორე პუნქტი დასავლეთ ბალკანეთის პროცესის მსგავსია. დასავლეთ ბალკანეთის შესახებ ევროკავშირი სტრატეგია ე.წ. ბერლინის პროცესს მოიცავს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შიგნით ქვეყნების კოალიციას, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის პროცესის წინსვლას აქტიურად უწყობს ხელს.

და რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ, რა პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარებისთვის, მათ შორის მაგალითად, კავშირგაბმულობა საინვესტიციო პლატფორმა, როუმინგის გაუქმება და ა.შ.“ – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.