ანდრია ბითაძის მორიგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე | წყალბურთი

საქართველოს ნაკრების 21 წლის ქართველი სპორტსმენი სექტემბრიდან „ცრვენა ზვეზდაში“ ირიცხება. სერბულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ექვსი მატჩი ჩაატარა, ქართველმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტრადიციულ სერბულ კლუბს მიმდინარე გათამაშებაში, ჯერჯერობით არცერთი შეხვედრა არ მოუგია. გუნდმა ბოლო მატჩი გუშინ უნგრულ ტელეკომ ბუდაპეშტის წინააღდეგ გამართა და 6-15 დათმო. ანდრია ბითაძემ ამ მატჩში, ერთი ეფექტური გოლი გაიტანა.

მომდევნო შეხვედრაში „ცრვენა ზვეზდა“ 23 იანვარს, ასევე უნგრულ კლუბ „ეგერს“ დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. ორ ჯგუფში ევროპის 8-8 გუნდი არის გადანაწილებული. შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფიდან ოთხი გუნდი მოიპოვებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ანდრია ბითაძეს სერბეთში დავუკავშირდით და მან კომენტარი ექსკლუზიურად პირველ არხთან გააკეთა

– „ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და კლუბის ხელმძღვანელობა აქცენტს მომავალზე აკეთებს. ყველაზე უფროსი წევრი 25 წლის არის. ამ კლუბში გადმოსვლით კმაყოფილი ვარ უდიდეს გამოცდილებას ვიძენ. ბარსელონაში გამართული ევროპის ჩემპინატის შემდეგ, არა ერთი კლუბიდან მქონდა შემოთავაზება. კარიერის გაგრძელების შანსი მქონდა ხორვატიაში, კერძოდ სპლიტის „მომარში“, ასევე ნაპოლის „პოსილიპოში“, თუმცა არჩევანი სერბულ „ცრვენა ზვეზდაზე“ გავაკეთე. ძალიან მინდოდა იტალიის სერია A1-ში დაბრუნება, თუმცა „ცრვენა ზვეზდას“ მთავარი მწვრთნელის დეიან სავიჩის ფაქტორმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. ასეთ მწვრთნელთან მუშაობით ბევრი ახალი ვისწავლე. სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გუნდში არეულობა იყო და უცნობი მიზეზების გამო სავიჩი ახალმა სპეციალისტმა ალექსანდარ ფილიპოვიჩმა ჩაანაცვლა“.