ანდრეს კარასკო - ფეხბურთი შეიცვალა და „დინამო“ თანამედროვე მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ #1TVSPORT
ანდრეს კარასკო - ფეხბურთი შეიცვალა და „დინამო“ თანამედროვე მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიის მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა ანდრეს კარასკომ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელი სპეციალისტი უკვე მუშაობდა „დინამოში“ 2011-12 წლებში და ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ანდრეს კარასკომ, რომელიც „ბარსელონას“ აკადემია ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, კლუბში დაბრუნებასა და გეგმებზე ისაუბრა:

„ბედნიერი ვარ „დინამოში“ დაბრუნებით. მე ეს კლუბი მიყვარს. მაშინაც კი, როდესაც „დინამოში“ არ ვიყავი, კლუბში მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებდი. დაბრუნება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მზად ვარ და მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას. 10 წლის წინ, როდესაც „დინამოს“ აკადემიის პროექტი დავიწყეთ, მრავალ სირთულეს წავაწყდით – ეს ეხება ლოჯისტიკურ საკითხებს, სიახლეების დანერგვას, სამწვრთნელო მეთოდოლოგიას, ასევე მენტალიტეტს. ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო, რადგან ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რეალური ცვლილებები სურდათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აკადემიის ჩამოყალიბებაში მხოლოდ მე არ მიმიძღვის წვლილი, ეს ამ გუნდის დამსახურებაა“, – ამბობს კარასკო.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, „დინამოს“ აკადემიაში პოტენციალს ხედავს:

„ეს ხალხი თავდაუზოგავად მუშაობდა და ყველაფერი ამან გაამარტივა. მათ წლების განმავლობაში შეძლეს ჩვენს მიერ დანერგილი ფასეულობების შენახვა და დღემდე მოტანა. სწორედ ეს იყო, რის გამოც ვიფიქრე, რომ „დინამოში“ დასაბრუნებლად სწორი დროა. უკან ვიყურები და ვაანალიზებ, ბევრად მცირე რესურსებით ჩვენ რა შევძელით და ვხდები, რომ ახლა ბევრად მეტი შეგვიძლია. „დინამოს“ აკადემიას შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს. ერთადერთი ის გვჭირდება, რომ ბევრი ვიშრომოთ და განვვითარდეთ“.

ანდრეს კარასკომ ქართველი ბავშვების პოტენციალზე ისაუბრა: „საქართველოში ხარისხიანი მოთამაშეები არიან. რა თქმა უნდა, მათ, როგორც სხვა ფეხბურთელებს, სწორი მიმართულებით განვითარება სჭირდებათ, მაგრამ მათი ტექნიკური შესაძლებლობები და პოტენციალი ძალიან ფასეულია. ცხადია, ყველა ერთნაირად ვერ იფიქრებს და ეს დიდი გამოწვევაა. თუმცა ეს პროცესი წარსულში უკვე გამოვიარეთ. მე ვუბრუნდები აკადემიას, რომელიც უკვე წარმატებულია, დიდი სამუშაოა გაწეული და საკმაოდ მყარია საფუძველი, რომელზეც ახალი პროექტი უნდა დავიწყოთ. უბრალოდ, ის ახალ თანამედროვე მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ, რადგან გასულ 10 წელიწადში ფეხბურთი შეიცვალა“.

კარასკომ ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზეც ილაპარაკა: „ამ წლებში შეიცვალა „დინამო“ და ქართული ფეხბურთიც. მე თვალს ვადევნებდი და როდესაც ინგლისის 21-წლამდელებს ამარცხებ, ცხადია, ეს პროგრესია. „დინამოს“ მწვრთნელს ვუთხარი, რომ გუნდის ხელწერა ისეთი მკაფიო უნდა იყოს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო ეკიპირების გარეშეც უნდა ცნობდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს „დინამოა“ და ჩვენ ასე ვთამაშობთ – ხარისხიანად, ტექნიკურად, დომინანტურად და ბურთის კონტროლით. ამას უნდა დავუმატოთ აგრესია, პრესინგი და ყველა ის პატარა დეტალი, რაც ფეხბურთელებს განვითარებაში დაეხმარება“.