ანდრეი სიბიგა – ირანის მუქარა უსაფუძვლოა, თეირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ირანის მუქარას უსაფუძვლოს უწოდებს. სიბიგამ თეირანი რუსეთ-უკრაინის ომში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.
„ირანის მუქარა უსაფუძვლოა. თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა და 2022 წლიდან მოსკოვს იმ იარაღით ამარაგებს, რომელიც უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს. ირანს არ აქვს უფლება, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და, მით უმეტეს, გაერო-ს წესდებაზე აბსურდული მითითებებით გაამართლოს თავისი მუქარა“, – წერს სიბიგა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანულ კომერციულ გემზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, თეირანი უპასუხოდ არ დატოვებს. უკრაინასა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ირანული მხარის ცნობით, უკრაინა კასპიის ზღვაში მყოფ კომერციულ გემს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად ერთი ირანელი მეზღვაური დაიღუპა.