ანდრეი რუდენკო - საჭიროა, სიტუაცია სასაზღვრო რაიონებში იყოს უსაფრთხო, ეს არის საქართველოს, აფხაზეთის, ოსეთის და რუსეთის ინტერესებში
ანდრეი რუდენკო - საჭიროა, სიტუაცია სასაზღვრო რაიონებში იყოს უსაფრთხო, ეს არის საქართველოს, აფხაზეთის, ოსეთის და რუსეთის ინტერესებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობით დაინტერესებული არიან. ამის შესახებ მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ მუშაობს, მაგრამ ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ მექანიზმმა იმუშაოს და რაც მთავრია, იმუშაოს ეფექტურად, ვინაიდან ამ ფორმატში წყდება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება უბრალო ადამიანების ინტერესებს საზღვრის ორივე მხარეს. ჩვენ გვინდა, რომ ის სრული დატვირთვით მუშაობდეს. თქვენ იცით ყველა მხარის პოზიცია. ჩვენი კოლეგები აფხაზეთიდან და ოსეთიდან თვლიან, რომ არის გარკვეული პირობები, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.

საჭიროა, რომ სიტუაცია სასაზღვრო რაიონებში იყოს სტაბილური და უსაფრთხო. ეს არის ყველას ინტერესებში – საქართველოს, აფხაზეთის, ოსეთის და მათ შორის რუსეთისაც, რადგან ჩვენ ამ რეგიონებს ვესაზღვრებით“, – განაცხადა რუდენკომ.

ამასთან, ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს ოკუპირებული ახალგორის გადასასვლელების გახსნაზეც.

„თქვენ იცით, რატომ ჩაიკეტა ეს პუნქტი. ამ შეკითხვით მიმართეთ იმათ, ვინც საზღვარი ჩაკეტა. ის ჩვენ არ ჩაგვიკეტავს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ მექანიზმებმა იმუშაოს სრული დატვირთვით“, – განაცხადა რუდენკომ.

დატოვე კომენტარი