ანდრეი ერმაკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს
ანდრეი ერმაკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციების დოკუმენტზე მუშაობას ასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომელიც ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად სამუშაო ჯგუფს თანათავმჯდომარეა.

როგორც სამუშაო ჯგუფის მესამე ონლაინსხდომაზე ანდრეი ერმაკმა განაცხადა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ოცნება თანმიმდევრულად გადაიქცევა გეგმად მკაფიოდ განსაზღვრული ვადებით.

„ჩვენ გადავდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ეტაპზე. ჩვენს ფრონტებზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, უკრაინის პარტნიორებმა გადადგან ახალი მტკიცე ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას. ამ გარანტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი წესრიგი და შეუძლებელი გახადონ ახალი ომი ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების ძალისხმევით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ხარისხიანი, კომპლექსური პროექტი. მისი განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს გარანტიების ფართო წრეს – სამხედრო, ეკონომიურ, პოლიტიკურ, სასანქციო. დოკუმენტის ფინალური ვერსია განსახილველად პრეზიდენტ ზელენსკის გადაეცემა. ერმაკის აზრით, უსაფრთხოების მომავალი გარანტიები უნდა გახდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ნაწილი, კერძოდ, უკრაინასა და გარანტ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებების ნაწილი.

თავის მხრივ, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ძირითადი ყურადღება მიმართულია პროექტის პირველი ნაწილისკენ, რომელიც ეხება თავდაცვით გარანტიებს, რაც არის რეკომენდაციების საფუძველი. რასმუსენმა სამუშაო ჯგუფის წევრებს ასევე აცნობა, რომ ჯგუფს შეუერთდა ევროკავშირის საკითხებში თურქეთის ყოფილი მინისტრი ვოლკან ბოზქირი.