ანდრეი ერმაკი - უკრაინა მომავალ კვირაში აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
უკრაინა მომავალ კვირაში აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესზე განაცხადა.
ანდრეი ერმაკის თქმით, ეს გარანტიები ძალაში იქნება, ვიდრე უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება. ამასთან, ერმაკმა დასძინა, რომ უკრაინა უკვე მუშაობს პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე.
„ჩვენ ვიწყებთ შესაბამის მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მომავალ კვირას. უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის იქნება კონკრეტული და გრძელვადიანი ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს უკრაინის უნარს, გაიმარჯვოს ახლა და შეაკავებს რუსეთის აგრესიას მომავალში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.