ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის მხრიდან იერიშები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს
ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის მხრიდან იერიშები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბრისას რუსეთის მიერ განხორციელებული მუდმივი დარტყმების შესახებ აცნობა.

„ამ დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვები იღუპებიან და ჩვენი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. პირველად, მტერმა უკრაინის მთავრობის შენობას შეუტია“, – წერს ერმაკი.

ამასთან, რუბიომ და ერმაკმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და პარტნიორებთან კოორდინაცია.

„პუტინს მხოლოდ ძალის ესმის და არ სურს ამ ომის შეჩერება. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია მდგრადი მშვიდობა და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ“, – წერს ერმაკი.

ამასთან, ერმაკმა რუბიოს მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ლიდერობისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მცდელობებში.

„ასევე, მადლობას ვუხდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელიც ბევრს აკეთებს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – წერს ერმაკი.