ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას ომის დასრულების დიპლომატიური მცდელობები განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ერმაკი აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ომის დასრულების დიპლომატიური მცდელობები განიხილა.
„ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები ამ კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯების წინ. უკრაინისთვის პრიორიტეტია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რაც მოითხოვს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, როგორც არსებითი მოლაპარაკებების წინაპირობას, ასევე რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, რათა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას“, – წერს ერმაკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მარკო რუბიოს, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ბევრს მუშაობს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. ერმაკმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობაში ლიდერობისთვის, ასევე ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა დაგეგმილი.