ანდრეი დემჩენკომ „იბერიიდან“ წასვლა დაადასტურა – ასეთი შემადგენლობით სამ ტურნირზე ვერ ვიბრძოლებდით #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ გამოცემა „სპორტთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ საქართველო ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გუნდი სამ ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებდა.
„თბილისის „იბერიასთან“ თანამშრომლობა 17 სექტემბერს დავასრულეთ. მიზეზი ისაა, რომ სამ ტურნირზე (ეროვნული ლიგა, კონფერენსლიგა და საქართველოს თასი) წარმატებით გამოსვლა უფრო ძლიერ შემადგენლობას მოითხოვს, როტაციისთვის სულ მცირე 20-22 თანაბარი დონის ფეხბურთელია საჭირო.
სამწუხაროდ, კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ამ საკითხის მიმართ სათანადო მიდგომა ვერ დავინახე. შედეგად, ევროტურნირების დამღლელი მატჩების შემდეგ, საქართველოს თასზე და ჩემპიონატში ორი შეხვედრა წავაგეთ.
ფეხბურთელებს ძალების აღდგენისთვის დრო არ ჰყოფნიდათ, რადგან მატჩებს შორის მხოლოდ ორი-სამდღიანი შესვენება იყო. ამიტომ, თუ კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობას არ გააძლიერებდა, თანამშრომლობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა“, – განაცხადა დემჩენკომ.