ანდრეი დემჩენკო - „ვორსკლასთან“ დომინირებისთვის ბურთის კონტროლი უნდა მოვახერხოთ #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - „ვორსკლასთან“ დომინირებისთვის ბურთის კონტროლი უნდა მოვახერხოთ #1TVSPORT

პოლტავის „ვორსკლასთან“ კონფერენს ლიგის განმეორებით მატჩამდე გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„„ვორსკლასთან“ პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ. დაწვრილებით გავიარეთ გასული თამაშის ყველა შეცდომა და შევეცდებით, საპასუხო შეხვედრაში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ.

პირველ მატჩში მეტოქემ ბევრი ისეთი რამ გვაჩვენა, რასაც არ ველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ „ვორსკლა“ კარგად შევისწავლეთ. მოედანზე დომინირებისთვის აუცილებელია, ბურთის კონტროლი მოვახერხოთ.

გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე ამ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგება შეგვიძლია“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

პოლონეთში გამართული პირველი შეხვედრა პოლტავის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი „დილასა“ და „ვორსკლას“ შორის 3 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია YouTube-ის არხზე იქნება ხელმისაწვდომი.