ანდრეი დემჩენკო – სტრესი მოგვეხსნა, „იაგელონიასთან“ „იბერიას“ დასაკარგი არაფერი აქვს #1TVSPORT
„იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ევროპალიგის პლეიოფში პოლონურ „იაგელონიასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ძლიერ მეტოქესთან რთული გასვლითი შეხვედრა გველის, ერთ კვირაში თბილისში საპასუხო მატჩი იქნება და ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილები. დასაკარგი არაფერი გვაქვს, რადგან შეგვიძლია, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ და გავძლიერდეთ.
კონფერენსლიგის ჯგუფში მოხვედრით პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, მაგრამ ვეცდებით, უფრო მეტს მივაღწიოთ. არ ვნერვიულობთ, გარკვეულწილად, წნეხიც მოხსნილი გვაქვს, გუნდი თამაშს დღითი დღე აუმჯობესებს. „იაგელონიასთან“ საინტერესო მატჩი იქნება, ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ“.
ევროპალიგის პლეიოფის პირველი მატჩი „იაგელონიასა“ და „იბერიას“ შორის 20 აგვისტოს, ბიალისტოკის „ჩორტენ არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.