ანდრეი დემჩენკო - სიცხემ ძალა წაგვართვა, მეორე მატჩისთვის ისეთი ტაქტიკის მოფიქრებას შევეცდებით, რომ თამაში შემოვატრიალოთ #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - სიცხემ ძალა წაგვართვა, მეორე მატჩისთვის ისეთი ტაქტიკის მოფიქრებას შევეცდებით, რომ თამაში შემოვატრიალოთ #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კვიპროსის აპოელ-თან კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებული პირველი მატჩი (0:2) შეაფასა, რომელმაც ქართულ გუნდს პლეი ოფში გასვლის მხოლოდ მიზერული შანსი დაუტოვა.

„არასასიამოვნოა ასეთი თამაშების წაგება. აპოელ-ი თავს კარგად იცავდა და ჩვენ არაფრის საშუალებას გვაძლევდა. მცდელობები გვქონდა, მაგრამ მათი მეკარე შესანიშნავად მოქმედებდა და ჩვენი შეტევები უშედეგოდ დასრულდა. მეტოქეს შევაქებ, ზონები ჩაგვიკეტეს და საკუთარი თამაშს ჩვენების საშუალება არ მოგვცეს.

ვიცოდით, მეტოქე თამაშს კონტრშეტევებზე ააგებდა. საწყენი ისაა, რომ გოლი ჩვენს კარში ჩვენივე შეცდომას მოჰყვა, მაგრამ ადამიანები ვართ და არა რობოტები, ბიჭები გავამხნევეთ. ოჯახი ვართ და დამნაშავეები კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ, უნდა გავმაგრდეთ. რეალურად, კარგად ვთამაშობდით, თუმცა წავაგეთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აპოელ-ი მაღალი დონის გუნდია.

სამწუხაროდ, მეორე მატჩში კაპიტანი დაგვაკლდება. შევეცდებით, მოვიფიქროთ ისეთი ტაქტიკა, რომელიც თამაშის შემოტრიალებაში დაგვეხმარება. ეს ნამდვილად გამოგვდის, რადგან წინა ეტაპებზეც პირველ შეხვედრაში ვმარცხდებოდით და მეორეში სიტუაციას ვცვლიდით.

გაიხსენეთ „ვორსკლასთან“ დაპირისპირება. მაშინაც პირველი შეხვედრა ჩავაგდეთ. ალბათ დღეს ცხელმა ამინდმა ძალა წაგვართვა. არ ვიცი, რა ამინდი იქნება კვიპროსში, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გამო ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ“, – განაცხადა ,,დილას“ მთავარმა მწვრთნელმა.

ქართული გუნდი კვიპროსში აპოელ-ს 17 აგვისტოს შეხვდება. კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში გორის „დილას“ მეტოქე „გენტი“/„პოგონის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.