ანდრეი დემჩენკო – „ფლორასთან“ მოედანზე ისე გავალთ, თითქოს ყველაფერი ნულიდან იწყება #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ტალინის „ფლორასთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ჩვენს სტილს არც საპასუხო მატჩში გადავუხვევთ და შემტევი ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით. „ფლორასთან“ ტალინში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ცოტა ყურადღება მოვადუნეთ და ორი გოლი გავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი რამ დაუშვებელია – სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ქართული მენტალიტეტის პრობლემა ვახსენე.
მთლიანობაში, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მოსამზადებელი პროცესი წარმატებით წარიმართა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ. პირველ შეხვედრაში გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, თავდაჯერება შეგვმატა, თუმცა ეს შედეგი უკვე წარსულია. მოედანზე ისე გავალთ, თითქოს პირველი თამაში საერთოდ არ ყოფილა და ყველაფერი ნულიდან იწყება“.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „იბერია“ ტალინის „ფლორას“ 14 ივლისს უმასპინძლებს – მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.