ანდრეი დემჩენკო - „აპოელთან“ მოგების რომ არ მჯეროდეს, „დილაში“ არ ვიქნებოდი #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - „აპოელთან“ მოგების რომ არ მჯეროდეს, „დილაში“ არ ვიქნებოდი #1TVSPORT

„აპოელთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩამდე გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მჯერა თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვლის, საქართველოში 2:0 მარცხის მიუხედავად? რა თქმა უნდა, გვჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდით. წლევანდელი ევროთასების მიმდინარეობისას ისე ხდებოდა, რომ ყველა პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ განმეორებით მატჩში მდგომარეობის ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნებას ვახერხებდით. ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაშიც იგივე გავაკეთოთ.

ფაქტია, რომ საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო. რაც შეეხება მეტოქის რიგებში გამორჩეულ ფეხბურთელებს, ორ ცენტრალურ ნახევარმცველს ბურთი ძალიან კარგად ეჭირა. გიორგი ქვილითაია შესანიშნავი თავდამსხმელია. ასევე, მინდა გამოვყო მეტოქის მცველები, მათ შორის, გოლის ავტორი.

ზოგადად, მეტოქეს ძალიან დადებითად შევაფასებდი, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ჩვენი ბიჭებისთვის ასეთ გარემოში გამოსვლა დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში გვიყვარს“, – თქვა „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა.

გორის „დილას“ გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, მატჩი გორის თეატრის ბაღში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე იხილონ. „აპოელისა“ და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.