ანდრეი დემჩენკო - აპოელ-თან ძალიან საინტერესო თამაში და ბრძოლა იქნება #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - აპოელ-თან ძალიან საინტერესო თამაში და ბრძოლა იქნება #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კვიპროსულ აპოელ-თან კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე გუნდი „დინამო არენაზე“ ავარჯიშა, მანამდე კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„თამაშისთვის სტანდარტული გეგმით ვემზადებით. „ვორსკლასთან“ მოგების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. ტრავმირებული მხოლოდ ნიკა გაგნიძეა, დანარჩენი ფეხბურთელები მოედანზე გასასვლელად მზად არიან.

მეტოქეს დიდი პატივს ვცემთ. გავაანალიზეთ აპოელ-ის თამაში და ვემზადებით ძლიერ გუნდთან მატჩისთვის. თამაში ყველასთან შეიძლება, ამის მაგალითი ფარერების „კლაკსვიკია“, რომლის ფეხბურთელებიც დღისით მუშაობენ და საღამოს ფეხბურთს თამაშობენ. ამ გუნდმა უნგრეთის ჩემპიონი, „ფერენცვაროში“ დაამარცხა.

ევროტურნირებზე რაც უფრო შორს გადიხარ, უფრო ძლიერდები. „ვორსკლა“ საკმაოდ ძლიერი იყო და მასთან მოგებით გუნდი უფრო თავდაჯერებული გახდა. აპოელ-ი წინა ორ მეტოქეზე უფრო რთული მოწინააღმდეგეა.

კვიპროსელთა ქართველ ლეგიონერებს რაც შეეხება, ქვილითაია ჭკვიანი, ტექნიკური და ძალიან სახიფათო თავდამსხმელია. ინდივიდუალურად შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. დვალს ნაკლები დრო ეძლეოდა და არ ვიცით, ახლა ათამაშებენ თუ არა.

„დილას“ საკუთარი სტილი აქვს, პრესინგითა და ბურთის კონტროლით ვცდილობთ შედეგის მიღწევას. ძალიან საინტერესო თამაში იქნება ტაქტიკური კუთხითაც, რადგან აპოელ-ს ძლიერი მწვრთნელი ჰყავს და მატჩის დროს ტაქტიკას ხშირად ცვლის. ბრძოლა იქნება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

რთულია, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ და ამით რაღაც დაგვაკლდება, ამიტომ გორის სტადიონი ისე უნდა განახლდეს, რომ ამ ეტაპის მატჩების ჩატარება შეიძლებოდეს. „დილა“ ერთადერთი გუნდია, რომელიც საქართველოდან ევროტურნირს შემორჩა და იმედია, გულშემატკივარი მოვა, რომ ჩვენი გუნდი გაამხნევოს, „დილა“ ხვალ საქართველოსთვის თამაშობს“, – განაცხადა ანდრეი დემჩნკომ.

„დილასა“ და აპოელ-ის შეხვედრა „დინამო არენაზე“ 10 აგვისტოს გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ. ბილეთები TKT.GE-ზე და „დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი 5 ლარია.

პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილას“ მეტოქე „გენტისა“ (ბელგია) და „პოგონის“ (პოლონეთი) წყვილში გამარჯვებული იქნება. მატჩები 24 და 31 აგვისტოს გაიმართება.