ანდრეა მალდერა – საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა #1TVSPORT

19:20, 27.09.2026

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის გათამაშების მეორე მატჩამდე უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

„თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. იარემჩუკი თავს კარგად გრძნობს, პატარა პრობლემა მიკოლენკოსთან დაკავშირებით შეგვექმნა. ყველა დანარჩენი ჯანმრთელადაა და თამაშისთვის ემზადება. ჩემი ცვლილებები გულშემატკივრებმა კარგად მიიღეს. ყურადღებას მოთამაშეთა ხასიათზე ვამახვილებ. მთავარია, ფეხბურთელები მოედანზე კარგ ფორმაში იყვნენ. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის, ერთი თავდამსხმელი იქნება თუ ორი.

იქნება თუ არა კარში ტრუბინი? პირველი შეხვედრაში უკრაინასთან პირველი ნომერი რიზნიკი იყო. მაგრამ უკვე ვისაუბრეთ, რომ საქართველოსთან კარში ტრუბინი დადგებოდა.

საქართველოს ნაკრებში მწვრთნელი შეიცვალა და, რა თქმა უნდა, ეს გუნდის ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს, მაგრამ ჩვენ უპირველესად საკუთარ თამაშზე და გეგმებზე ვფიქრობთ და ამაზე ვართ ორიენტირებულები. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის წარმოუდგენელი მოთამაშეა და პსჟ-ში ილია ზაბარბნის თანაგუნდელია. ისინი მეგობრები არიან, მაგრამ ხვალ მოწინააღმდეგეები იქნებიან. ხვიჩა ძალიან მაგარი მოთამაშეა და ვფიქრობ, შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება. ის არა მხოლოდ ახლა, „ნაპოლიშიც“ ძალიან კარგად თამაშობდა.

ბუნებრივია, ვნახე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაში. ეს გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა.

დიდი ხანია უკრაინის ნაკრებში ვმუშაობ და ვფიქრობ, ვიცი რა უნდა გავაკეთო გუნდისთვის. მოვიგეთ უნგრეთთან, მაგრამ ამაზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ.

რა ვიცი ქართულ ფეხბურთზე? ბევრი ქართველი ფეხბურთელი წარმატებით თამაშობს უცხოეთში. ვიცი, რომ ძალიან ტექნიკურები არიან და ტაქტიკურად სწორად თამაშობენ“.

საქართველოს ნაკრები ერთ ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრაში 28 სექტემბერს უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი