ანჩელოტი უმოკლეს დროში ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი უახლოეს ხანში კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს ბრაზილიის ნაკრებთან.
ESPN Brasil-ის მონაცემებით, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ და 66 წლის მწვრთნელმა უკვე შეათანხმეს ხელშეკრულება, რომელიც 2030 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. კონტრაქტი გაფორმდება „2+2“ სქემით მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატამდე ავტომატური გახანგრძლივებით. ანჩელოტის რჩება მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.
მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ანჩელოტი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს – ეს სარეკორდო ხელფასია ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში. იგივე ანაზღაურება შენარჩუნდება ახალი გარიგების გაფორმების შემდეგ. ამასთან, გაიზრდება ანჩელოტის თანაშემწეების ჯამაგირი – ეს იტალიელი სპეციალისტის მოთხოვნა იყო.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს 2025 წლის მაისიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა, ხუთი მოიგო, სამჯერ დამარცხდა და ორჯერ ფრე ითამაშა.