ანანიძის შესაძლო გადასვლამ კვიპროსელები აღაშფოთა - მიზეზი თურქული გამოცემის წერილია
ანანიძის შესაძლო გადასვლამ კვიპროსელები აღაშფოთა - მიზეზი თურქული გამოცემის წერილია

„აღმაშფოთებელი“ – ასეთი სათაურით გამოეხმაურა კვიპროსული გამოცემა „პოტატლიმა“ თურქული გამოცემის ცნობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის” ნახევარმცველით, ჯანო ანანიძით თურქული სუპერლიგის კლუბი „დენიზლისპორი“ დაინტერესდა.

ინტერნეტგამოცემა არა თავად ტრანსფერმა, არამედ, თურქული გამოცემის მიერ ამ ინფორმაციის მიწოდებისას ხაზგასმულმა დეტალმა გააღიზიანა, რომელიც კვიპროსელების ისტორიულ ტკივილს ეხებოდა.

„თურქები ისევ პროვოცირებას ცდილობენ. ჯანო ანანიძის შესახებ სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველის თამაშობს სამხრეთ კვიპროსის გუნდ „ანორთოსისში“. როგორც ხედავთ, მათ ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა და ისევ პროპაგანდით არიან დაკავებულები,“ – წერს „პოტატლიმა“.

„ანორთოსისი“ ქალაქ ფამაგუსტას გუნდია, რომელიც თურქების კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ანუ დევნილთა გუნდია, ისევე როგორც ჩვენთან სოხუმის „ცხუმი“, სოხუმის „დინამო“, „გაგრა“ და „ცხინვალი“ და ა.შ.

1974 წლის 15 ივლისს თურქეთის ხელისუფლება 30 სამხედრო კორპუსით კუნძულზე შეიჭრა და ქვეყნის 35 % დაიკავა. კვიპროსი გაიყო ჩრდილოეთ თურქულ და სამხრეთ ბერძნულ ნაწილებად. კონფლიქტური მხარეები ერთმანეთისაგან გაიყო ე. წ. „მწვანე ხაზით“ — გაეროს ბუფერული ზონით. 1983 წელს ჩრდილოეთმა ნაწილმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც დღემდე თურქეთის გარდა არავინ არ აღიარებს. თურქების მიერ დამკვიდრებული ფორმა „სამხრეთ კვიპროსი“ კვიპროსელებისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია.