ანა წერეთელი - „ინტერის“ აკადემიის პრეზენტაციაზე ძანეტი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვიზიტი კოვიდშეზღუდვების გამო გადაიდო #1TVSPORT
ანა წერეთელი - „ინტერის“ აკადემიის პრეზენტაციაზე ძანეტი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვიზიტი კოვიდშეზღუდვების გამო გადაიდო #1TVSPORT

ინტერი-საქართველოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, რომლის ამოქმედება ქუთაისის „ტორპედოს“ მეპატრონის, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პარტნიორობით გახდა შესაძლებელი, ანა წერეთელი უხელმძღვანელებს.

ინტერი-საქართველოს“ აკადემიის დირექტორი ვეტერანი ფეხბურთელის, ზურაბ წერეთლის ქალიშვილია. ის პროფესიით იურისტია, მაგრამ საქმიანობა ფეხბურთს დაუკავშირა და ფეხბურთის ფედერაციაში 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. წერეთლის მონაწილეობით, 2019 წელს ბათუმის „მილანის“ საფეხბურთო კემპი გაიმართა. წელს კი „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა ქუთაისის „ტორპედოს“ შესყიდვის შემდეგ, სპორტული კლუბის ახალ პრეზიდენტად დანიშნა.

„ვერც ერთმა კაცმა ვერ შეძლო ის, რაც ანამ მოახერხა. მან მოილაპარაკა „ინტერთან“, რომელთან თანამშრომლობის დაწყებააც ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ამბავია“, – ეს პრესკონფერენციაზე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ განაცხადა.

„თავიდან მოლაპარაკება „მილანთან“ გვქონდა, რომლის საზაფხულო ბანაკი ბათუმში 2019 წელს გაიმართა და მისი ორგანიზატორი ვიყავი. მაგრამ გლობალურმა პანდემიამ ყველაფერი ჩაშალა – „მილანმა“ საფეხბურთო აკადემიების გახსნა მთელს მსოფლიოში შეაჩერა. მაგრამ კავშირზე წამოვიდა „ინტერი“, რომელმაც საქართველოში პერსპექტივა დაინახა. აკადემია 2022 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ანა წერეთელმა.

მისი თქმით, „ინტერის“ აკადემია საქართველოში ქსელს განავითარებს და ფილიალებს რეგიონებშიც დააფუძნებს.

„მილანის „ინტერის“ ლიცენზია მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს მოპოვებული, პირველი აკადემია თბილისში გავხსენით და შემდეგს ალბათ იმერეთის რეგიონში გავხსნით“.

პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოში იტალიური გრანდის საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებას ეხებოდა, „ინტერის“ არგენტინელი ლეგენდა, ხავიერ ძანეტი უნდა ჩამოსულიყო.

„დიახ, ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო. მაგრამ შემდეგ პრობლემები პანდემიამ შექმნა. სახლში დაბრუნების შემთხვევაში 10 დღე კარანტინში უნდა ყოფილიყო და ვიზიტი ამიტომ გადაიდო. მაგრამ ვითარება რომ გამოსწორდება, ის საქართველოს ესტუმრება“.

არგენტინელი ფეხბურთელი 19 წელი იცავდა „ინტერის“ ღირსებას, მისი ფორმით 1995–2014 წლებში 615 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში კი 1994–2011 წლებში გამოდიოდა და 145 შეხვედრა (5 გოლი) ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ მილანის „ინტერმა“ 4-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და ძანეტი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ფიფა-მ ის არგენტინაში SOS ბავშვთა სოფლებში ელჩად დაასახელა, ხოლო 2005 წელს მან მიიღო Ambrogino d’Oro ჯილდო ქალაქ მილანში მისი სოციალური ინიციატივებისათვის.