ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე
ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე

სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ.

„დღევანდელი სახელმწიფო კანონით სახელმწიფო არის ვალდებული, უზრუნველყოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურით. ახლა მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის გარანტია.

დაცვა გარანტირებული იქნება, არა კანონზე არამედ მთავრობის ნებაზე. ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი. საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს. ძალიან ნათელია, გამომდინარე იქიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილება და რა კონტექსტი გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტების, რომ მათი უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება მთავრობის კეთილ ნებაზე“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს ისაუბრა.