ანა ნაცვლიშვილი - როგორც ქალმა და დედამ, ზუსტად ვიცი, ჩვენს ქვეყანას ისე თუ მოვეპყრობით, როგორც დედა შვილებს და არა, როგორც დედინაცვალი, შევძლებთ, სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს
ანა ნაცვლიშვილი - როგორც ქალმა და დედამ, ზუსტად ვიცი, ჩვენს ქვეყანას ისე თუ მოვეპყრობით, როგორც დედა შვილებს და არა, როგორც დედინაცვალი, შევძლებთ, სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს

ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, დღეს პირველად ამ ტრიბუნიდან მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და ვუთხრა მათ მადლობა, მადლობა მოთმინებისთვის, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერით მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ კომპრომისი, როდესაც ეს არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი.

„მადლობა მათ იმ ყოველდღიური მუხლჩაუხრელი, ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელი შრომისთვის და ბრძოლებისთვის, რასაც ისინი ამ სახელმწიფოსთვის ეწევიან. თუ რამეზე დგას დღეს ქართული სახელმწიფო, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ხშირად ძალიან უსამართლო გარემოში წარმოებული შრომა და ბრძოლა, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც უნდა იყოთ და ატარებდეთ საქართველოს სახელმწიფოს იდეას; ასევე, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ე.წ. საზღვრისპირა და ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მთავარი ამოცანა და გამოწვევა ჩვენთვის დღეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადავაქციოთ საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, სამართლიან და მათი ინტერესების დამცველ მთავარ მოკავშირედ, პარტნიორად. დღეს ასე არ არის.

ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ მიშელს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ერთგულ და გონიერ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც გაწიეს ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეუქცევადად დადგეს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. ბოლო თვეებში მათი გამოჩენილი ძალისხმევა განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე კრიზისში.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა უნდა დაიწყოს ტოტალიტარული მენტალობის გვერდზე გადადებით. ყველაფერი ან არაფერი – სახელმწიფოში ასე არ ხდება, ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კომპრომისი, როდესაც ეს არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი, იმისთვის, რომ მთელი ძალისხმევა და ენერგია მივმართოთ იმ მიმართულებით, სადაც არ შეიძლება კომპრომისი. ეს არის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას – ოკუპაცია, მიტაცებული სახელმწიფო, სიღარიბე, განუვითარებლობა, უსამართლობა, უიმედობა და უთანასწორობა, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი ქვეყნის განცდის დამკვიდრება. თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა.

მე, როგორც ქალმა და როგორც დედამ, ზუსტად ვიცი, რომ ადამიანის დაბადებას და მოქალაქედ ჩამოყალიბებას სჭირდება დიდი პროცესი, ეს ერთბაშად არ ხდება, ეს არის რთული ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზა. ჩვენს ქვეყანას თუ შევხედავთ და მოვეპყრობით, როგორც დედა ეპყრობა საკუთარ შვილებს და არა, როგორც დედინაცვალი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.