ანა ნაცვლიშვილი - ნიკა მელიას ცოტა ხანი ვაცადოთ, ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ, შემდეგ იქნება ოპოზიციის შეხვედრები
ანა ნაცვლიშვილი - ნიკა მელიას ცოტა ხანი ვაცადოთ, ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ, შემდეგ იქნება ოპოზიციის შეხვედრები

ვფიქრობ, ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ვექტორი ჰქონდა და აქვს, ნათელია ამოცანა, ეს ამოცანა არის ხელისუფლების შეცვლა სამართლიანი, ახალი არჩევნების საშუალებით, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, მოსაძებნია ფორმულა, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, რომ პროფესიულ ნაწილში თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ ვერ მიიღოს ის პროცენტი, რომლითაც დარჩება ხელისუფლებაში.

„მთავარი ამოცანა ეს არის და აქ გამოცნობის, ბნელ ოთახში ხელის ცეცების ფორმულა არ გამოდგება. არჩევნებში რა პრაქტიკა ამართლებს და რა არა, ამას სჭირდება, როგორც სპეციალისტების, ასევე პოლიტიკოსების საუბარი და ყველაზე ოპტიმალური გზის მოძებნა – როგორ მივიდეთ არჩევნებამდე და გავიდეთ ისე, რომ ოპოზიციამ პროპორციულ ნაწილში მიიღოს 57 პროცენტი და მეტი.

გუშინ გამოვიდა მელია ციხიდან, რამდენიმე საათია, რაც თავისუფალი ადამიანის ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმე აქვს პარტიის შიგნითაც და მის გარეთაც. ამიტომ, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, ცოტა ხანი ვაცადოთ, ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ, შემდეგ იქნება შეხვედრები.

ოპოზიციას ბევრი საკითხი აქვს გასავლელი – მიმდინარე პროცესები და სამომავლო საკითხები. იმდენად მძიმე და კრიტიკული ბრძოლა გველოდება წინ, რომ მერობის კანდიდატზე გამარტივებული საუბარი არის ამ ბრძოლის მოგების ან წაგების ტაქტიკის დაყვანა იმაზე, ერთიანი კანდიდატი იქნება თუ არა თბილისში. ეს არის კომპლექსური, დიდი ბრძოლა, რომელსაც კარგად გააზრებული სტრატეგია სჭირდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.