ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან
ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან

დღეს თქვენ პროფესიულად და შინაარსობრივადაც ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, – ასე მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძესა და საბჭოს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სიის შემადგენლობა.

დოლიძის განმარტებით, საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან.

„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დონემდე დაეცემოდით და იმ ტოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. თქვენი საკუთარი კარიერების გადასარჩენად დღეს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ დაგაკისრათ, რომლის მიმართაც თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. დღეს თქვენ პროფესიულად და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, მე ამას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით“,- განაცხადა ანა დოლიძემ

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა სიას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან შემადგენლობას მოიცავს. სია დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს, ირმა გელაშვილს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს.