ანა დოლიძე - არ მგონია, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს ძალიან აინტერესებდეთ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების უფრო გაძლიერება
ანა დოლიძე - არ მგონია, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს ძალიან აინტერესებდეთ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების უფრო გაძლიერება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად შეიძლება, კლანის ხელში გადავიდეს.

„ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა კლანს. კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებზე ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში, თუ არ იქნება მათი ხელდასმა. ამ შემთხვევაში, ამ შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ მთავარ დონორებს – სახელმწიფოებს, რომლებმაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში ჩადეს მილიონობით დოლარი და ევრო, დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის განვითარების ძალიან დრამატულ ეპიზოდზე ვიმყოფებით. ეს არ არის რაიმე მუხლისა და პუნქტის ამბავი, საბოლოო ჯამში ეს ინსტიტუტი მთლიანად ჩაბარდება ამ დაჯგუფებას და შესაბამისად, არ მგონია,  ევროკავშირს, ამერიკასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს ძალიან აინტერესებდეთ ამ დაჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტში მსგავსი ტიპის შეხვედრა გუშინაც გაიმართა.