ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, უნდა დაველოდოთ, რამდენად თანმიმდევრულად გაჰყვებიან მის კეთილსინდისიერად შესრულებას ხელისუფლება და ოპოზიცია
ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, უნდა დაველოდოთ, რამდენად თანმიმდევრულად გაჰყვებიან მის კეთილსინდისიერად შესრულებას ხელისუფლება და ოპოზიცია

შარლ მიშელის დოკუმენტის კეთილსინდისიერად შესრულება მართლაც მნიშვნელოვანია, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ბევრი პუნქტი ღიად არის დარჩენილი, ჯერ არ არის შესრულებული.

„ძალიან ბევრი პუნქტი ღიად არის დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ეტაპზეა და მხარეები რას აპირებენ. ჩვენ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მოუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან დოკუმენტის შინაარსი იდეალური არ იყო, მაგრამ ხელი მოვაწერეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ დოკუმენტის გარშემო შეთანხმება იქნებოდა გზა პოლიტიკური კრიზისის დასრულების.

დოკუმენტი ჯერ არ არის შესრულებული, იქ არის მართლმსაჯულების ნაწილი, საარჩევნო ცვლილებები. ამნისტიაზე პარლამენტში ორი სხვადასხვა დოკუმენტია დაინიცირებული და ჩემი შეფასება ადრეა იმის თაობაზე, დასრულდა თუ არა კრიზისი და დოკუმენტი შესრულდა თუ არა, რადგან დოკუმენტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები არ არის შესრულებული.

ამიტომ, უნდა დაველოდოთ, ხელისუფლება და ოპოზიცია როგორ და რამდენად თანმიმდევრულად გაჰყვებიან ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერად შესრულებას“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.