ანა ბუჩუკური - ევროინტეგრაციის მიზნებისთვის აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი სამოქმედო გეგმა
ანა ბუჩუკური - ევროინტეგრაციის მიზნებისთვის აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი სამოქმედო გეგმა

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლა შეაფასა და ასევე მისი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ ინიციატივებზე ისაუბრა.

„გუშინ ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლა იყო სამართლიანი. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოგეწონათ ის, რაც მოისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენ ის მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, ის რაც პრეზიდენტმა ისაუბრა, არის რეალობა. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს – საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. მან ისაუბრა ერთიანობაზე და საზოგადოების და შესაბამისად, პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაზე. სამწუხაროდ, როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილიდან ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულად რადიკალიზაციის ხარისხის გაზრდას და ამის მუდმივ მცდელობებს. ბუნებრივია, უფრო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს, იმიტომ რომ უმრავლესობაშია.

ჩვენი შემოთავაზებაა ევროინტეგრაციის მიზნებისთვის აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი სამოქმედო გეგმა და ის არ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა ერთპიროვნულად დაწერილი კონკრეტული პარტიის მიერ, არამედ ის უნდა იყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა. მასში ბუნებრივია, ასახული უნდა იყოს კონკრეტული, დროში გაწერილი თანმიმდევრული ნაბიჯები და ის რეფორმები, რაც მოეთხოვება ქვეყანას, რომელსაც სურს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინასა და მოლდოვასთან მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის საკითხი და ამასთანავე, გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელებას. პრინციპულად მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შეიქმნას სპეციალური საგანგებო უწყება, რომლის ერთადერთი ფუნქცია სწორედ ევროინტეგრაცია იქნება. მათ შორის, ეს შეეხება კოორდინაციას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.