ანა ბუჩუკური - ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ მეტად სცემს პატივს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს
ანა ბუჩუკური - ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ მეტად სცემს პატივს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს

ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ მეტად სცემს პატივს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ მათი პარტიის წევრის არჩევის შემდეგ, ოცნებამ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რაც უკვე არის არადამაჯერებელი.

„საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ უკვე მესამე მუნიციპალიტეტში, ამ შემთხვევაში რუსთავში, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, ბატონი შეროზია; მე მათ და ჩვენს გუნდს ვუსურვებ წარმატებას, პირველ რიგში, რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ისევე, როგორც წინა სერიებში ვიხილეთ, „ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ ვართ თითქოს რაღაც ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან“; ეს უკვე არადამაჯერებელია არა მხოლოდ თქვენი არამხარდამჭერებისთვის, არამედ თქვენივე მხარდამჭერებისთვისაც, რადგან ფაქტები და დრო, მეგობრებო, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს რეალობა ძალიან მოკლედ და მარტივად ვუთხრა. როგორც კი არჩევნები დასრულდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, თქვენ იცით, ძალიან საჯაროდ, ისინი ამბობდნენ, რომ არ შეეგუებოდნენ ამ ახალ რეალობას და გააკეთებდნენ ყველაფერს, იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნურად შეეცვალათ. საბოლოო ჯამში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ამ მიზნისთვის ის ეცადა, რომ შეექმნა ხელოვნური კრიზისი და საბოლოო ჯამში, აქაც ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად იძულებული გახდა, რომ ჩვენი გუნდის კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, არა იმიტომ, რომ მათ მოსწონთ ძალაუფლების ჩვენთან გაყოფა, არამედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში გაიტანდა თავისას და ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა, ანუ ხელოვნურად ეცდებოდა ახლებური რეალობის შექმნას. ეს არის მარტივი რეალობა, რომელიც ზედაპირზე ცხადად ჩანს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ არის ის იშვიათი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის დაკავების მომენტიდან ფიქრობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა აღსრულდეს და ამაზე „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებელი.

„ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინიციატივა, რომ პარლამენტში შექმნილიყო კომისია, რომელიც მოემსახურება პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს, არ დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ოცნების სრულად კონტროლირებადი მედიასაშუალებები არ გვაშუქებენ, განა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს ეს არ უნდათ, უბრალოდ „ქართული ოცნება“ მათ სხვა გზას არ უტოვებს და ეს არის შიშის მაჩვენებელი „ოცნების“ მხრიდან.

და ბოლოს პირადად ჩემთვის, ანა ბუჩუკურისთვის, ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნებაზე“ მეტად სცემს პატივს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. ჩვენ შევთავაზეთ თავიდანვე და დღესაც ეს შეთავაზება ძალაშია „ოცნებისთვის“, ყველგან, სადაც თქვენ დაკარგეთ უმრავლესობა და ჩვენ ვართ წარმოდგენილი გადამწყვეტი ხმის უფლებით, თქვენ გამოგვყვეთ ჩვენს წინადადებაზე და თქვენი წარმომადგენელი იყოს არჩეული და დანიშნული, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რადგან ამით ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ისევ და ისევ თქვენს ამომრჩეველს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.