ამსტერდამის „აიაქსმა“ „დინამო თბილისს“ 100 წლის იუბილე მიულოცა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „აიაქსმა“ „დინამო თბილისს“ 100 წლის იუბილე მიულოცა. ნიდერლანდების გრანდის წერილს თბილისური გუნდის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„„აიაქსის“ დიდი ოჯახის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი საკლუბო ისტორიის გამორჩეულ თარიღთან – „დინამო თბილისის“ დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ კლუბის სპორტულ მიღწევებს აღნიშნავს, არამედ ასახავს მის კულტურულ გავლენას და უდიდეს მნიშვნელობას. „დინამო თბილისის“ მდიდარი ისტორია, ერთგული გულშემატკივრები და სრულყოფილებისკენ დაუღალავი სწრაფვა კლუბს წარმოაჩენს, როგორც ეროვნული სიამაყის ნამდვილ სიმბოლოს.
„აიაქსსა“ და „დინამოს“ აერთიანებთ ტრადიცია – აღზარდონ გამორჩეული ფეხბურთელები და თავიანთი თამაშით შთააგონონ გულშემატკივართა სხვადასხვა თაობა. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს წვლილს ევროპულ ფეხბურთში და გვჯერა, რომ ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობა, განვითარება და წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა. მომავალ საუკუნეს თქვენი კლუბისთვის კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები მოეტენოს“, – ვკითხულობთ წერილში.
თბილისური კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „დინამოსა“ და „აიაქსის“ ლეგენდები შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 19:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
