„ამნესთი ინთერნეშენელი“ - ირანში საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე, 106 მომიტინგე მოკლეს
„ამნესთი ინთერნეშენელი“ - ირანში საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე, 106 მომიტინგე მოკლეს

ირანში საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე, 106 მომიტინგე მოკლეს. მონაცემებს უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეშენელი“ ავრცელებს. მიტინგები გასულ კვირაში საწვავის ფასის 50 პროცენტით გაზრდის გამო დაიწყო.

როგორც „ამნესთი ინთერნეშენელში“ აცხადებენ, ისინი ვარაუდობენ, რომ მოკლულ მომიტინგეთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს და 200-ს აჭარბებდეს.

ირანში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა სააგენტოშიც. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

ირანში საპროტესტო აქციების 18 ნოემბერს დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე ფასების ზრდას და სუბსიდიების გაუქმებას აპროტესტებდნენ. აქციები ირანის 100 ქალაქში გაიმართა. სხვადასხვა ცნობით, დამწვარია 100-ზე მეტი ბანკის შენობა და ავტომობილები.

აქციების გამო, ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა.