ამნესტი ინტერნეშენალი - ყატარში სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებულთა უფლებები ირღვევა
ამნესტი ინტერნეშენალი - ყატარში სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებულთა უფლებები ირღვევა

ათობით მიგრანტს, რომლებიც ყატარში მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის მასპინძელ ქალაქს აშენებენ, უკვე 10 თვეა ხელფასი არ აუღიათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ამნესტი ინთერნეიშენალი“ აქვეყნებს.

უფლებადამცველების განცხადებით, 78 მუშა, რომლებიც ძირითადად ნეპალიდან, ინდოეთიდან და ფილიპინებიდან არიან, ყატარში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და კუთვნილ ხელფასს თვეებია ამაოდ ელოდებიან. დავალიანება თითოეულ მათგანზე 2000 დოლარამდე თანხას შეადგენს. დამქირავებელი კომპანიის, „მერკური მენას“ (Mercury MENA) წარმომადგენლის თქმით, ამის მიზეზი ფულადი სახსრების დეფიციტია. ფიფა პასუხისმგებლობას მთლიადან კონტრაქტორს აკისრებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიგრანტების საქმესთან მსოფლიო ჩემპიონატს არანაირი კავშირი არ აქვს და ისინი არა სპორტულ ობიექტებზე, არამედ სხვა მშენებლობებზე მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ფიფა მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა. კენჭისყრაში მან აშშ, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია დაამარცხა. მუნდიალის მთავარი მასპინძელი ქალაქი ლუსაილი იქნება. აქ ჩატარდება გახსნის ცერემონია და ფინალური მატჩი. ამ ქალაქის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სწორედ ლუსაილში არიან დასაქმებული ის მიგრანტები, რომლებსაც ხელფასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

 

დატოვე კომენტარი