„ამნესთი ინტერნეიშენალმა“ ისრაელი პალესტინელებთან მიმართებაში აპარტეიდში დაადანაშაულა, ისრაელის ხელისუფლება ორგანიზაციის ანგარიშს ყალბს უწოდებს
„ამნესთი ინტერნეიშენალმა“ ისრაელი პალესტინელებთან მიმართებაში აპარტეიდში დაადანაშაულა, ისრაელის ხელისუფლება ორგანიზაციის ანგარიშს ყალბს უწოდებს

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეიშენალმა“ ისრაელი პალესტინელებთან მიმართებაში აპარტეიდში დაადანაშაულა. ორგანიზაციის განცხადებით, 1948 წლის შემდეგ, ისრაელი პალესტინელების მიმართ „ზეწოლისა და დომინაციის“ სისტემას ინარჩუნებს, რაც აპარტეიდის საერთაშორისო განმარტებას აკმაყოფილებს.

„ამნესთი ინტერნეიშენალის“ განცხადებით, ისრაელი პალესტინელებზე ზეწოლას ახდენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში.

„აშშ-მა, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა და ბრიტანეთმა, ასევე იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც თავიანთი კავშირების გაძლიერების პროცესში არიან, როგორიცაა ზოგიერთი არაბული და აფრიკული სახელმწიფო, უნდა აღიარონ, რომ ისრაელი სჩადის აპარტეიდის დანაშაულს და სხვა საერთაშორისო დანაშაულებს“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, გლობალურმა საზოგადოებამ ისრაელისთვის იარაღისა და სამხედრო დახმარების მიწოდება უნდა შეწყვიტოს.

ისრაელის ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს „ყალბი, მიკერძოებული და ანტისემიტური“ უწოდა. ისრაელის მთავრობა „ამნესთი ინტერნეიშენალის“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ებრაელებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს.

ისრაელის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებდა ანგარიში არ გამოექვეყნებინა.