ამირან პაპინაშვილმა მასტერსის ვერცხლის მედალი მოიპოვა | ძიუდო - გუანჯოუს მასტერსი [ვიდეო]

ჩინეთში, დღეს დაწყებულ წლის შემაჯამებელ ტურნირზე, გუანჯოუს მასტერსზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი აიღო. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ამირან პაპინაშვილი ფინალამდე ბრწყინვალედ მივიდა, სამიდან სამივე შეხვედრა იპონით მოიგო, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

შეხვედრის ძირითად დროში, სპორტსმენებმა თითო შიდო დაიმსახურეს. დამატებიტში კი მშვიდობაძემ ამირანი თავისივე წამოწყებულ ფანდზე დაიჭირა და ოქროს მედლის მომტანი ვაზა-არი აიღო.

ამავე წონაში, დღეს სწორედ, რობერტ მშვიდობაძესთან მერვედფინალში კიდევ ერთი ქართველი, ლუხუმ ჩხვიმიანი დამარცხდა.

რამდენიმე წუთში, ბრინჯაოს მედლისთვის, ვაჟა მარგველაშვილი (66კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) იჭიდავებენ. მარგველაშვილის მეტოქე ბრაზილიელი დანიელ კარგნინი იქნება, შავდათუაშვილი კი მედლისთვის, მონღოლ ოდბაიარ განბაატარს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში ხვალ კიდევ სამი ქართველი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ჩაერთვება.