ამირან გოგოლაძე - დიდი ალბათობით, 24 აპრილს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გავმართავ | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
ამირან გოგოლაძე - დიდი ალბათობით, 24 აპრილს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გავმართავ | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ პრომოუშენს სულ მალე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეემატება. 22 წლის ამირან გოგოლაძე, დიდი ალბათობით, 24 აპრილს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ახალგაზრდა ქართველი ათლეტი ამჟამად მშობლიურ ახალციხეში გადის მოსამზადებელ ეტაპს.

შეგახსენებთ, რომ ამირან გოგოლაძეს 2020 წლის 31 ოქტომბერს EMC-ის პრომოუშენში უნდა გაემართა UFC-ში გადასასვლელი ბრძოლა ისმაელ ნაურდიევთან. აღნიშნული დაპირისპირება სატიტულო იყო, თუმცა ჩვენებურის ვეტერანი მეტოქე ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა, შემდგომ კი ორგანიზაციის გეგმები კორონავიურისის პანდემიამ აირია. მიუხედავად ამისა, UFC გოგოლაძეს მაინც დაუკავშირდა და ამჟამად მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. ჩვენ ამირანს ახალციხეში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– როგორც გავიგეთ, სიახლეები გაქვს კარიერაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 აპრილს შესაძლოა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართო. რა ეტაპზეა ამჟამად მოლაპარაკებები?

– დიახ, ნამდვილად არის კარგი სიახლეები. ამჟამად, ჩემი მენეჯერი საბოლოო მოლაპარაკებებს მართავს UFC-სთან. ჩვენი მხრიდან ყველა საბუთი გაგზავნილია. კონტრაქტი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ 24 აპრილის ქარდისთვის ველოდებით ბრძოლას.

– სად გადიხარ მოსამზადებელ ეტაპს?

– ამჟამად, ვიმყოფები ჩემს მშობლიურ ახალციხეში. ჯერჯერობით აქ ვემზადები 24 აპრილისთვის. რამდენიმე დღეში თბილისში გავაგრძელებ მომზადებას. საბოლოოდ კი მოსამზადებელ ეტაპს გერმანიაში დავასრულებ.

– როგორ ფორმაში ხარ? რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს?

– არავითარი ტრავმა არ მაქვს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სრულყოფილ ფორმაში ვარ და მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის. მე UFC-ში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ.

– რა არის შენი საბოლოო მიზანი და ოცნება? როგორ გსურს დაიმკვიდრო თავი UFC-ში ?

– ჩემი ოცნება თავიდანვე იყო UFC-ში მოხვედრა და ყველა იმ ემოციის გაზიარება, რასაც მებრძოლები ამ ორგანიზაციაში განიცდიან. აწონვებიდან დაწყებული, Face off-ით დამთავრებული. და, რა თქმა უნდა, ოქტაგონზე გასვლა, ჩემი ქვეყნის, გულშემატკივრების გახარება და ჩემი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა არის მთავარი მიზანი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ UFC-ის ქამარი ჩამოვიტანო საქართველოში და ჩემი ხალხი გავახარო.