ამინდის გაუარესების გამო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ესპანეთის ნაკრების ბოლო ვარჯიშის დაწყება გადაიდო #1TVSPORT
უამინდობის გამო ესპანეთის ნაკრების ბოლო ვარჯიში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე გადაიდო. საწვრთნელი პროცესი ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ უიპანიში იყო დაგეგმილი. გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, რეგიონში ძლიერი ჭექა-ქუხილი და მეხის ჩამოვარდნის საშიშროებაა.
ჩემპიონატზე მოქმედი უსაფრთხოების წესების მიხედვით, 8 მილის რადიუსში ელვის დაფიქსირების შემთხვევაში საწვრთნელი პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სტადიონის წარმომადგენელთა განცხადებით, ვითარება ყოველ ნახევარ საათში გადამოწმდება, რათა დარწმუნდნენ, რომ შტორმმა სრულად გადაიარა. ვარჯიშის დაწყება ადგილობრივი დროით 11:30 საათზეა დაგეგმილი.
ამ შეფერხებამ, შესაძლოა, არგენტინის ეროვნული გუნდის გეგმებზეც იმოქმედოს. მათი საწვრთნელი ბაზა მორისთაუნში, ესპანელების ბანაკიდან ხუთ მილში მდებარეობს და მათი ვარჯიშიც 11:30 საათზე უნდა დაიწყოს. მიმდინარე კვირაში ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში გაუსაძლისი სიცხეებია, რასაც კანადაში მძვინვარე ტყის ხანძრებიდან წამოსული კვამლიც ემატება. უიპანიში ჰაერის დაბინძურების დონემ 158-ს მიაღწია, რაც „არაჯანსაღ“ კატეგორიას განეკუთვნება. გარდა ამისა, რეგიონში მოსალოდნელი ტორნადოსა და წყალდიდობის საშიშროების გაფრთხილება მოქმედებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, წვიმა ფინალური მატჩის დაწყებამდე ჰაერს სმოგისგან გაასუფთავებს. გადამწყვეტი შეხვედრა ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს, კვირას ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტადიონზე“ გაიმართება.