ამერიკულმა „ჰაასმა“ 2019 წლის ბოლიდი წარმოადგინა
ამერიკულმა „ჰაასმა“ 2019 წლის ბოლიდი წარმოადგინა

„ფორმულა 1“-ის ამერიკული გუნდი „ჰაასი“ პირველია, რომელმაც 2019 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაცია ჩაატარა. ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გუნდმა ახალი ბოლიდი – VF-19 წარმოადგინა, რომელიც შავ და ოქროსფერშია გადაწყვეტილი.

ასეთი შეფერილობა შემუშავებულია „ჰაასის“ ახალ სატიტულო სპონსორთან – ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან (Rich Energy).

2019 წლის სეზონში VF-19-ის და სხვა გუნდების ბოლიდების გამორჩეული თავისებურება გამარტივებული წინა ანტიფრთა იქნება. იგი შემუშავებულია ახალი ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით. ამ რეგლამენტის მეშვეობით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია შეეცდება გაზარდოს ფორმულა 1-ში გასწრების რაოდენობა.

2019 წლის სეზონზე „ჰაასის“ პილოტთა შემადგენლობა უცვლელი იქნება – დანიელი კევინ მაგნუსენი და ფრანგი რომენ გროსჟანი.