ამერიკული ტელეკომპანია „წყლის პაუზებისას“ რეკლამებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს #1TVSPORT
ამერიკული ტელეკომპანია Fox Sports მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისას „წყლის პაუზების“ დროს ეთერში განთავსებული რეკლამების წყალობით 250 მილიონ დოლარ გამოიმუშავებს. ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია BBC იტყობინება.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) წლევანდელ ტურნირზე შემოიღო აუცილებელი სამწუთიანი პაუზები ფეხბურთელების გასაგრილებლად. ტელეკომპანიების დიდი ნაწილი ამ პაუზებს რეკლამის ჩვენებისთვის იყენებს.
წესის თანახმად, სარეკლამო რგოლების გაშვება უნდა დაიწყოს პაუზის გამოცხადებიდან 20 წამის შემდეგ და დასრულდეს თამაშის განახლებამდე 30 წამით ადრე. შესაბამისად, თითოეულ მაუწყებელს ყოველ მატჩში შესაძლებლობა აქვს აჩვენოს 30-წამიანი რვა სარეკლამო რგოლი. მთელი ტურნირის განმავლობაში გამოდის – 832.
Fox Sports-ზე 30-წამიანი რგოლის საშუალო ღირებულებაა 200-დან 300 ათას დოლარამდე. აშშ-ის ნაკრების თამაშებისას ფასი 750 ათას დოლარამდე ადის. ასე რომ, „წყლის პაუზებისას“ რეკლამამ ტელეარხს 250 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი შეიძლება მოუტანოს.
BBC აღნიშნავს, რომ თუ ავიღებთ მთლიანად მსოფლიოში ყველა ტელეკომპანიას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს აშუქებენ, გამაგრილებელი შესვენებებისას მათმა შემოსავალმა შეიძლება ჯამში მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინოს.