ამერიკული პრესა - „სან ხოსემ“ ყაზაიშვილთან და კაშიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა
ამერიკული პრესა - „სან ხოსემ“ ყაზაიშვილთან და კაშიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის საფეხბურთო კლუბ „სან ხოსედან“ წამოვიდნენ. როგორც ინტერნეტპორტალი centerlinesoccer ამტკიცებს, მიზეზი ამერიკული კლუბის გადაწყვეტილება გახდა – მან ქართველ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება აღარ ისურვა.

„აღსანიშნავია, რომ „სან ხოსემ“ უარი თქვა ვაკოსთან, გურამ კაშიასთან და ლუის ფელიპესთან კონტრაქტის გაფორმების ვარიანტებზე, ხოლო დენი ჰოსენმა ხელშეკრულება თავად გააუქმა და კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ოთხივე კარს მიღმა დარჩა. ეს საყურადღებოა, რადგან ვაკო, კაშია და ჰოსენი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები იყვნენ, სანამ მატასიას ალმეიდას (გუნდის მთავარი მწვრთნელი) ნდობას დაკარგავდნენ“, – წერს ამერიკული პორტალი.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ „სან ხოსედან“ წამოსვლაზე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელეს. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი „სან ხოსეში“ 2018 წელს არნემის „ვიტესიდან“ გადავიდა და გუნდში 41 შეხვედრა ჩაატარა. ბოლო დროს ის გუნდში აღარ თამაშობდა – კაშიას თქმით, მიზეზი ტრავმები იყო. ვაკო ყაზაიშვილი კი კალიფორნიულ კლუბში 2017 წლიდან გამოდის და 99 მატჩში 31 გოლი გაიტანა.