ამერიკული გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი მძიმე ავარიაში მოხვდა
ამერიკული გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი მძიმე ავარიაში მოხვდა

ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტის ტაიგერ ვუდსის კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნა. ის ლოს ანჯელესთან ახლოს, პანჩო-პალოს-ვერდესში უმძიმეს ავტოავარიაში მოხვდა და სერიოზული ტრავმები მიიღო. ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე, ვუდსმა ტელეეთერში ილაპარაკა აღდგენითი პროცესის შესახებ ზურგზე გადატანილი მეხუთე ოპერაციის შემდეგ.

ვუდსი დილით მიემართებოდა მისი ფონდის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე სტუმრის რანგში დასასწრებად და გოლფ-კლუბიდან სამ კილომეტრში მოხვდა ავარიაში. ტაიგერი საკუთარ მანქანაში მარტო იჯდა და ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით ტრასის მიღმა აღმოჩნდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ლოს ანჯელესის პოლიციის კაპიტანმა ჯეიმს პაუერსმა ჟურნალისტებს გაანდო ინფორმაცია, რომელსაც იმ მომენტისთვის ფლობდა: „მისი მანქანა დაღმართზე მოძრაობდა. გზაზე ბევრი მკვეთრი მოსახვევია. ავტომობილი შემხვედრ ზოლში აღმოჩნდა, ბორბალი ტროტუარს შეეხო და მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა“.

მაშველებმა ვუდსი დამტვრეული მანქანიდან სპეციალური მოწყობილობით ამოიყვანეს. ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გოლფისტმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდსს ორივე ფეხი მოტყდა, ამასთან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ESPN-ის ინფორმაციით, ვუდსი გონებაზე იყო, როცა ის მანქანიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ამერიკელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

დატოვე კომენტარი