ამერიკული ფეხბურთის ლიგაში უხელო მოთამაშე გამოჩნდა
ამერიკული ფეხბურთის ლიგაში უხელო მოთამაშე გამოჩნდა

ამერიკული ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში (NFL) ახალი სეზონი დაიწყო და კლუბ „სიეტლ სიჰოქსის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა უნიკალურ მოთამაშეს შაკემ გრიფინს, რომელმაც სასტარტო ლაინბეკერის პოზიციაზე ითამაშა. გრიფინის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მარცხენა ხელის მტევანი არ აქვს.

დაბადებისას, ექიმებმა შაკემს აღმოუჩინეს იშვიათი დეფექტი – მარცხენა ხელის სახსრის ამნიოთიკური სინდრომი. ნებისმიერი შეხება ბიჭში საშინელ ტკივილს იწვევდა. ერთხელ დედამ სამზარეულოში შეუსწრო – გრიფინს დანით ხელის მოჭრა სურდა, რადგან ტკივილი აუტანელი იყო. „დედა, მეტი აღარ შემიძლია“, – ყვიროდა პატარა შაკემი. მომდევნო დღეს, ქირურგებმა მარცხენა მტევნის ამპუტაციის ოპერაცია ჩაატარეს.

პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში შაკემმა მამის წყალობით გადადგა – მან შვილისთვის გააკეთა სპეციალური მოწყობილობა ძალისმიერი ვარჯიშებისთვის და ამუშავებდა მასთან ერთად პასის მიღებას. ერთი ხანობა, გრიფინი ბურთს სახით იჭერდა, შემდეგ ისწავლა ამის ერთი ხელით გაკეთება.

ცენტრალური ფლორიდას უნივერსიტეტის მწვრთნელმა შაკემი და მისი ძმა შაკილი გუნდში მიიწვია. ეს უკანასკნელი ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. შაკემს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ფიზიკური ნაკლის გამო. მაგრამ, 2016 წელს, სწორედ შაკემ გრიფინი აღიარეს თავის კონფერენციაში წლის საუკეთესო მცველად.

შაკემმა იმდენი მოახერხა, რომ დრაფტ-კომბაინამდე (ახალბედების ყოველწლიური გასინჯვა) მიაღწია და მისმა შედეგებმა ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა – მან 20-ჯერ აწია 102-კილოგრამიანი შტანგა და 40 იარდი 4.38 წამში გაირბინა. ეს საუკეთესო შედეგი იყო ლაინბეკერებში ბოლო 15 წლის განმავლობაში.

რჩებოდა მიწვევა პროფესიული კლუბებისგან. „სიეტლიდან“ ზარის შემდეგ, გრიფინმა ბედნიერებისგან კინაღამ ტირილი დაიწყო: “ამაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება. არ შემეძლო სუნთქვა და არ ვიცოდი რა მეთქვა. სიტყვები არ მყოფნიდა“. შაკემის რეაქცია გასაგებია, რადგან რეალიზებული ოცნების გარდა, ის ძმასთან ერთად ითამაშებს – შაკილი უკვე ერთი წელია „სიჰოქსის“ ღირსებას იცავს.