ამერიკული ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები „შავი ზღვის თასის“ მფლობელია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ამერიკულ ფეხბურთში „შავი ზღვის თასის“ გამარჯვებულია. საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც თბილისმა მეორედ უმასპინძლა, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 6 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრები „შავი ზღვის თასის“ მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. მასპინძლებმა ტიტული ბულგარეთის ნაკრებთან ფინალში დაიცვეს და მეტოქე 27:19 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ქართულმა გუნდმა „გრანდპასმა“ მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში ყაზახეთის ნაკრებს 33:31 აჯობა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, საუკეთესო მცველი – სტოიჩო მიტევი (ბულგარეთი), ხოლო საუკეთესო შემტევი – კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).
ტურნირის დასრულების შემდეგ ამერიკული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური პრიზები გადაეცათ მიწვეულ სტუმრებს – მაია აზარაშვილს, ამირან და ლუკა ქირიებს, დავით არეშიძეს, ლაშა ნარსიას, გიორგი დათუნაშვილს, ალექს თიგაისა და გიორგი ვაჩეიშვილს.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციამ ასევე მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ყველა ის მსაჯი, რომელიც ტურნირის ჩატარებაში მონაწილეობდა.