ამერიკულ სახელმწიფოთა გაერთიანებამ ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა
ამერიკულ სახელმწიფოთა გაერთიანებამ ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ამერიკულ სახელმწიფოთა გაერთიანებამ – ლიმას ჯგუფმა ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის 11 ქვეყნის შემაჯამებელ განცხადებაში, რომელიც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. შესაბამისი დოკუმენტი ლიმას ჯგუფმა ოტავაში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

განცხადებას ხელს აწერენ არგენტინის, ბრაზილიის, კანადის, ჩილეს, კოლუმბიის, კოსტა რიკის, გვატემალის, ჰონდურასის, პანამის, პარაგვაისა და პერუს წარმომადგენლები. მოწოდებას არ შეუერთდნენ მექსიკა, გაიანა და სენტ ლუსია.

ლიმას ჯგუფმა ხუან გუაიდო და ვენესუელის ნაციონალური ასამბლეა ამ ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებად აღიარა. დოკუმენტში ამერიკული სახელმწიფოები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, არ მისცენ უფლება მადუროს რეჟიმს, განახორციელოს ფინანსური და სავაჭრო გადარიცხვები საზღვარგარეთ, შეუწყვიტონ მას ვენესუელის საერთაშორისო აქტივებისადმი წვდომა და არ მისცენ საშუალება, განახორციელოს ნავთობთან, ოქროსა და სხვა აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები.