ამერიკის ღია პირველობას მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა
ამერიკის ღია პირველობას მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობაზე დაიწყო მერვედფინალური ეტაპი და გამოვლინდა პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი.

მამაკაცთა ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მან პირველი ორი სეტი წააგო შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან, ბრეიკით აგებდა მესამე სეტში, როცა მარცხენა მხარის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და თამაში მიატოვა.

მატჩის საბოლოო ანგარიშია – 6:4, 7:5, 2:1. ამ დროის განმავლობაში, ჯოკოვიჩმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ბრეიკის აღება – მეორე სეტის სტარტზე, მაგრამ ამას ვავრინკამ ორჯერ უპასუხა მეტოქის გეიმის მოგებით.

შვეიცარიელმა კარიერაში მეხუთედ მოუგო ჯოკოვიჩს 26 ცდიდან და ბოლო ექვსი შესაძლებლიდან მეხუთედ გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში. შეგახსენებთ, რომ ვავრინკა ამ ტურნირის 2016 წლის გამარჯვებულია. მისი შემდეგი მეტოქე რუსი დანიილ მედვედევი იქნება.