ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა
ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც ქვეყანაში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, მთავარი საპორცენტო განაკვეთი წელს უკვე მესამედ გაზარდა და მიანიშნა, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ გაზრდის.

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარულმა კომიტეტმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი 25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ეს მაჩვენებელი ამჟამად 2-2.25%-ის ფარგლებში მერყეობს.

საპროცენტო განაკვეთის აღნიშნული ზრდა რიგით მერვეა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკაზე უარი თქვა და პოლიტიკის გამკაცრებაზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, საპროცენტო განაკვეთის არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმოდ დაბალია, რადგან 2007 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ამერიკის ცენტრალური ბანკმა, ეკონომიკის წახალისების მიზნით, საპროცენტო განაკვეთი ფაქტობრივად გაანულა და განაკვეთის ზრდა ნელი ტემპით მხოლოდ 2015 წელს დაიწყო, როდესაც ეკონომიკას გაჯანსაღების ნიშნები დაეტყო.

ფედერალური სარეზერვო სისტემის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ჯერომი პაუელმა და ბანკის სხვა ეკონომისტებმა ოთხშაბათს განაკვეთის ზრდის შემდეგ განმარტეს, რომ მოცემულ ეტაპზე აშშ-ის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და მისი სტიმულირებისთვის დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკა საჭირო აღარ არის. თუმცა, პაუელმა თავის ოფიციალურ მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ბოლო დროს წარმოებული პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა დააზიანებს როგორც აშშ-ის, ისე სრულიად გლობალურ ეკონომიკას.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ სავაჭრო პარტნიორები აშშ-ს არათანაბარ პირობებში აყენებენ და თამაშის წესების დახვეწას ახალი ტარიფების დაწესების გზით ცდილობს. პასუხად, სავაჭრო პარტნიორებიც აშშ-ის ექსპორტს ახალი ტარიფებით ბეგრავენ. პაუელმა აღნიშნა, რომ ამერიკული ბიზნესი „სულ უფრო და უფრო მეტად ღელავს“ ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო. პაუელის თქმით, უარყოფითი შედეგი ჯერჯერობით არ არის მაღალი, მაგრამ „საქმე ციფრებში არ არის.“

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც გაზარდა. ადრე ნავარაუდევი 2.8 პროცენტის ნაცვლად წელს ის 3.1 პროცენტით გაიზრდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ფედერალური სარეზერვო სისტემა მთავარ საპროცენტო განაკვეთს სამჯერ გაზრდის, ხოლო 2020 წელს განაკვეთის კიდევ უფრო ხშირი ზრდაა მოსალოდენლი.

განაკვეთის ზრდა გააძვირებს სესხებს და შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ მეტისმეტად სრწაფი ზრდა ეკონომიკას რეცესიაში ჩააგდებს.

განაკვეთების ზრდა არც პრეზიდენტ ტრამპს მოსწონს. მან არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სესხის აღება იაფად ურჩევნია.
„შეშფოთებული ვარ, რომ მათ [ფედერალური საერეზერვო სისტემას] განაკვეთების ზრდა მოსწონთ. „ჩვენ ფულით კიდევ სხვა რამის გაკეთება შეგვეძლო,“- განაცხადა მან.
პასუხად პაუელმა განმარტა, რომ აშშ-ის ეკონომიკამ განაკვეთის ზრდა ძალიან კარგად მიიღო, ფედერალური სარეზერვო სისტემა კი, გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკოსების აზრს არ ითვალისწინებს.