ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრაინერის პატიმრობის ვადა რუსულ ციხეში ნახევარი წლით გაახანგრძლივეს #1TVSPORT
ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრაინერის პატიმრობის ვადა რუსულ ციხეში ნახევარი წლით გაახანგრძლივეს #1TVSPORT

მოსკოვის ოლქის სასამართლო პირველ ივლისს დაიწყებს ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრაინერის საქმის განხილვას, რომელსაც ბრალად ედება ნარკოტიკების კონტრაბანდა.

ორშაბათს, 27 ივნისს სასამართლოში დახურულ რეჟიმში გაიმართა წინასწარი მოსმენა, რომლის დროსაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის პატიმრობის ვადა კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი 17 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს. მას ორი მუხლით გაასამართლებენ – ნარკოტიკების კონტრაბანდა და უკანონო გადატანა. გრაინერს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსულ და ამერიკულ პრესაში გამოითქვა ვერსია, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ, გრაინერი, შესაძლოა, რუს მოქალაქეში გაცვალონ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იხდის სასჯელს.

ბრიტნი გრაინერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში. ქალთა NBA-ში ის 2013 წლიდან „ფინიქსში“ თამაშობს და 2014 წელს ჩემპიონი გახდა. შვიდჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა WNBA-ის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ და შესულია ლიგის 25 საუკეთესო კალათბურთელს შორის.

ასევე გრაინერი 2015 წლიდან ეკატერინბურგის უგმკ-ის წევრია და ამ გუნდთან ერთად ოთხჯერ გაიმარჯვა ქალთა ევროლიგაზე.